შიგა წყლები
თიანეთის მუნიციპალიტეტის ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია.
მთავარ სამდინარო არტერის ქმნის მდინარე იორი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. იორი თიანეთის მუნიციპალიტეტს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს და გაუყვება მას სათავიდან სოფელ ბოჭორმამდე. მდინარე იორი სათავეს იღებს თიანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ივრის სათავეს ქმნის სამი პატარა ნაკადული, რომელთაგან უდიდესია დასავლეთის ტოტი, რომელიც თავის მხრივ, ოთხი წყალვარდნილის შეერთებით იქმნება. მდინარის ზემო წელის ხეობა ვიწროა, შუა მონაკვეთში რამდენადმე ფართოვდება და ქმნის თიანეთისა და ერწოს ქვაბულებს. იორი სწორედ თიანეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივითარებს საკმაოდ დიდ აუზს, რაც უპირველესად აიხსნება აქაური ოროგრაფიის მჭიდრო ხასიათით. თიანეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივრის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია: აძეძი, ქუსნო, ხაშრულა, ძაღლიანთხევი, ხინჭებისხევი, ხატხეურა (მარჯვ.); საგამი, ბაბხისხევი, წისქილისწყალი, ჭიაურისწყალი, კორსავისხევი (მარცხ.).
ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებით მნიშვნელოვანია მდინარე ქუსნო (სიგრძე 20 კმ), რომელც სათავეს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იღებს. მდინარის ზემო წელს ვერხველი ეწოდება. მთავარი შენაკადია - თეთრახევი.
მდინარე აძეძი (სიგრძე 16 კმ) მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში გაედინება და იწყება ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზაფხულში წყალმოვარდნები იცის, ხოლო ზამთარში წყალმცირობა. აძეძის მთავარი შენაკადებია : თრანულა, მთიულთხევი და ჩიტაურებისხევი.
ივრის ხეობაში, სოფელ ლელოვანსა და დაბა სიონს შორის მდებარეობს სიონის წყალსაცავი, რომლის ფსკერი ვაკეა. წყალსაცავის სარკის ფართობია 12,8 კვ.კმ. უდიდესი სიღრმე - 67 მ. სიონის წყალსაცავს ერთვის მცირე მდინარე ჩეკურაანთგორისხევი. მისგან სამხრეთით აგებულია სიონჰესი.
თიანეთის მუნიციპალიტეტში არის მცირე ტბებიც, მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გრძელველების ტბა, რომელიც მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. გაწოლილია ივრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე უფრო მაღლა.
ჰავა
მუნიციპალიტეტის დაბალ ადგილებში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. ზღვის დონიდან 1000-1100 მ სიმაღლეზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრითა და ხანგრძილი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის -4,1°, 4,7°. ზაფხულში კი შესაბამისად 18,3°, 18,5°. ნალექები 790 მმ-იდან 880 მმ-მდე. მაღალმთიანეთში მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავაა, სადაც არის ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ჰავა. ივრის აუზში მკაფიოდ არის გამოხატული კლიმატის კონტინენტურობა და ამით იგი გამორჩეულია საქართველოს სხვა მდინარეთა აუზებისაგან.
ნიადაგები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგები. მაღალ ადგილებში (ქედების კალთაბზე) ჩამოყალიბებულია ტყის გაეწრებული და ყომრალი ნიადაგები, რომელსაც უფრო მაღლა კორდიანი და კორდიან ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგი ცვლის. მუნიციპალიტეტის დაბალ ადგილებში გავრცელებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები. ერწოსა და თიანეთის ქვაბულებში გავრცელებულია ალუვიური ნიადაგები. სიონის ქვაბულის ფსკერზეც ალუვიური ნიადაგია.ლანდშაფტები
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
მთათაშუეთი ქვაბულები, ძირითადად ალუვიური ნიადაგებითა და მუხნარ-რცხილნარით;
ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები მუხნარითა და რცხილნრით;
ტყის ყომრალი ნიადაგი წიფლნარითა და რცხილნარით;
ტყის ყომრალი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი წიფლის ტყეებით;
სუბალპური მდელოები;
ალპური მდელოები.
ფლორა
ტყესა და ბუჩქნარს უკავია მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის დაახლ. 50 ათ. ჰა. წიფლნარი გაბატონებულია კახეთის, ქართლისა და გომბორის ქედების თხემზე.თიანეთის ქვაბული ადრე მთლიანად ფართოფოთლოვანი ტყით იყო შემოსილი. დღევანდელი მდგომარეობით ტყე მხოლოდ ფერდობებზეა შემორჩენილი. ერწოს ქვაბულში ტყე მხოლოდ კალთებზე გვხვდება. ქართლის, კახეთისა და გომბორის ქედებზე მთის ტყეთა სარტყელს ზემოთ ცვლის სუბალპური მდელოები.
ფაუნა
აქაური მიწები ფაუნით მდიდარია. სიონის წყალსაცავის ახლოს ბინადრობს ქურციკი. ისინი საქართველოს წითელ წიგნში არიან შეტანილი. აქვე მაღალ მთებში არისარჩვი. შემონახულ ტყეებში გვხვდება კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ირემი, მაჩვი, მგელი, მელა და კვერნა. იშვიათად გვხვდება ფოცხვერი და დასავლური ჭრელტყავა. ორივე ძუძუმწოვარი მტაცებელია.
მღრღნელებიდან გავრცელებულია ძილგუდა, მემინდვრია, ტყის თაგვი, იშვიათად წავი. ორნითოფაუნას ქმნიან კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, კრავიჭამია,ჭკა, მთის არწივი, კოდალა და სხვ. მდინარე იორი და მისი შენაკადები მდიდარის თევზით.
მოსახლეობა
მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 14 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 16 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 82 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 80 სოფელი.
მმართველობა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
დაბის საკრებულო — 2: თიანეთი, სიონი;
თემის საკრებულო — 10: არტანის, ახალსოფელის, ზარიძეების, ნაქალაქარის, ჟებოტას, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩეკურაანთგორის,ხევსურთსოფელის.
ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას,მეფრინველეობას, მარცვლეული და საკვები კულტურების მოყვანას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მუშაობს მცირე სიმძლავრის სიონის ჰესი. თიანეთი და სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია.
კულტურა
მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 18 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი: თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მ. გელოვანის სახლ-მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობანი
თიანეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით.
თვით დაბა თიანეთთან აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი „ცხრაკარა“, რომელიც მიეკუთვნება XI ს. აღსანიშნავია ასევე ისტორიული კახეთის ერთ-ერთი ცენტრი ბოჭორმა. დღემდე შემორჩენილია ბოჭორმის ციხესიმაგრის ნანგრევები. სოფელ ნადოკრიდან ახლოს დგას მცირე ზომის ეკლესია. მნიშვნელოვანია ასევე ადრინდელი შუა საუკუნეების კახეთის კულტურულ პოლიტიკური ცენტრი „ჟალეთი“, რომლის ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია. მნიშვნელოვანია ასევე ოჩანის ციხე და სხვ.
ლიტერატურა
აფხაზავა ი., ზარდალიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 679-680, თბ., 1979 წელი.
მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.